სტიქიას ებრძვიან სამეგრელოს რამდენიმე სოფელში. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია.
სოფელში დატბორილია სახლების პირველი სართულები, ეზოები და ქუჩები. ხობში ზარალის ოდენობა უცნობია.
მოსახლეობის თქმით, განადგურებულია მოსავალი. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ წინ განსაკუთრებულად მძიმე ზამთარი ელით.
„ზარალია, აბა, რა არის. ყველაფერი დალპა, დაგვტოვა მშიერი. რით უნდა გავიტანოთ თავი ამ ზამთარს. ლობიო, სიმინდი, კვახი - ყველაფერი გაფუჭდა.
არავინ მოსულა. გააუმჯობესონ მდგომარეობა, წყალსაქაჩი აღადგინონ. დაპირებები ყოველთვის იყო, არხები გაიწმინდება, წყალსაქაჩი აღდგება, ყველაფერს გვპირდებიან, მაგრამ ხედავთ ფაქტს", - ამბობენ სოფელ ჭალადიდის მცხოვრებლები.
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან წალენჯიხის სოფელ ლიაშიც.
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს მთლიანად ახადა სახურავი, რამაც ეზოში მყოფი ავტომობილებიც დააზიანა.